English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ემზარ ჯულაყიძე
ეფექტური გადაწყვეტილება და ორგანიზაციათა მწარმოებლურობის ზრდის თანამედროვე პრობლემები

რეზიუმე

ეფექტური გადაწყვეტილება - ეს არის ისეთი ალტერნატივის შერჩევა, რომლის მიხედვითაც იზრდება ორგანიზაციის მწარმოებლურობა. იმ მიზნით, თუ რამდენად ყაირათიანად იყენებენ თანამედროვე მენეჯერები ხელთ არსებულ რესურსებს, ჩვენ მიერ ქ. ქუთაისში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს ბიზნესის განვითარების პრობლემა უფრო მეტად „მენეჯმენტის დეფიციტია“, ვიდრე „უკმარისობა ფინანსურ რესურსებში“. თუმცა, რაც უფრო ახალგაზრდაა მენეჯერი, მითუფრო რისკიანია იგი და წარმატების მიღწევაში უფრო გრძნობს კვალიფიციური ცოდნის აუცილებლობას.

საკვანძო სიტყვები: ეფექტური გადაწყვეტილებ; ალტერნატივები; ყაირათიანობა; კონკურენტული უპირატესობა. 

შესავალი 

ეფექტური გადაწყვეტილება - ეს არის ისეთი ალტერნატივის შერჩევა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია აღწევს წარმატებას. ფაქტია, წარმატების მიღწევის სურვილი დამახასიათებელია ყველა ორგანიზაციისათვის. მაგრამ იმისათვის, რომ გავარკვიოთ მიაღწია თუ არა ორგანიზაციამ წარმატებას, საჭიროა ჯერ დავადგინოთ  რას ნიშნავს წარმატება ამის საპასუხოდ, ბუნებრივია, ბევრი დაგვისახელებს მაღალი იმიჯის, გიგანტ კომპანიებს და მართლებიც იქნებიან. თუმცა, ამ პოზიციით გამოდის რომ მხოლოდ ორგანიზაციის სიდიდე ან/და მოგების მაქსიმიზაცია ყოფილა წარმატება. არადა, ყველა ორგანიზაცია არსებობს განსაზღვრული მიზნისათვის და თუ ორგანიზაციამ მიაღწია თავის მიზანს, ის უკვე წარმატებულია. ამასთან, მიზანი შეიძლება გამოიხატოს როგორც მოგების ზრდაში, ასევე  ახალი პროდუქციის ათვისებაში, ხარისხის გაუმჯობესებაში, სარეალიზაციო ბაზრის გაფართოებაში, ორგანიზაციული პრობ­ლე­მის ლიკ­ვი­და­ციაში და ა.შ. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ წარმატება არ არის დაკავშირებული ორგანიზაციის სიდიდესთან და ყველას, მათ შორის მცირე ბიზნესსაც, შეიძლება ჰქონდეს თავისი წარმატება.

ჩვენი აზრით, წარმატება, პირველ რიგში, დაკავშირებულია მიზნის მიღწევასთან. ყველაზე მთავარი მიზანი კი, რომლის მიღწევასაც უნდა ცდილობდეს ორგანიზაციათა მენეჯმენტი, ეს არის მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქციის (მომსახურების) შეთავაზება, რომელიც ზრდის ამ ორგანიზაციის მწარმოებლურობას. ანუ, ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავება, რომლის მიხედვითაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო პარამეტ­რე­ბი მიუახ­ლოვ­დე­ბა სა­სურ­ველს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მიზნების სწორი დასახვა ორგანიზაციის პროგრესის უცილობელი წინაპირობაა. რო­გორც მე­ნეჯ­მენ­ტის მეცნიერების უდი­დე­სი თეო­რე­ტი­კო­სი, თანამედროვე მენეჯმენტის მამად წოდებული პი­ტერ დრუ­კე­რი აღნიშნავს - „მარ­თვა უნ­და იწყე­ბო­დეს მიზ­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­თ და მე­რე გადა­დი­ო­დეს იგი ფუნ­ქცი­ე­ბის, ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის სის­ტე­მი­სა და პრო­ცე­სე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე“ [Друкер, 2007: 13].

ორგანიზაციის მწარმოებლურობა - ეს არის იმის საზომი, თუ რამდენად ყაირათიანად იყენებს ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ რესურსებს და რამდენად ეფექტურია მისი მენეჯმენტი. ანუ, ორგანიზაცია არის მაღალმწარმოებლური თუ მასში კეთდება საჭირო, მოთხოვნადი საქონელი (მომსახურება), რომელიც კარგად იყიდება და ეს ყველაფერი სწორად, წარმატებულად კეთდება. ორივე (ყაირათიანობა და ეფექტურობა) სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზაციის მწარმოებლურობისათვის. კერძოდ, თუ რესურსთა ყაირათიანობა არის იმის საზომი, რამდენად კარგადაა შესწავლილი მომხმარებელი, რას ითხოვს და რამდენად რაციონალურად იქნა გამოყენებული ორგანიზაციული რესურსები აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეფექტურობა - ეს არის დასახული მიზნებისა და მიღწეული შედეგების საუკეთესო თანაფარდობა [nÄсконR. 2004: 465], ანუ ეფექტურია ორგანიზაციის ისეთი მენეჯმენტი, რომელიც ირჩევს სწორ მიზანს და რეალურად აღწევს (აჭარბებს) მას.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მმართველობითი გადაწყვეტილება და საერთოდ, ორგანიზაციათა ეფექტური მართვა, მეტ-ნაკლები დოზით, მოიცავს სამ ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელს. ესენია: მიზანი, ალტერნატივები და მენეჯერთა მოტივი. კერძოდ, თუ არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზანი, ასეთი არჩევანი არც შეიძლება განვიხილოდ როგორც გადაწყვეტილება; თუ არაა ალტერნატივათა გარკვეული რაოდენობა, არჩევანიც არ არსებობს და, მაშასადამე, შეუძლებელია წარმატებული გადაწყვეტილების შემუშავება; და მესამე - როგორც წესი, ყოველი გადაწყვეტილების ფორმირება ხდება მენეჯერთა სხვადასხვა მოტივების დაპირისპირება-შეფასების შედეგად.

სასურველ მიზანს გაზომვის სათანადო კრიტერიუმი უნდა გააჩნდეს. შეცდომაა, როცა ორგანიზაციის მწარმოებლურობის შეფასებას ახდენენ წარმოებული პროდუქციის მოცულობით ან მის სისტემაში არსებული რესურსების რაციონალური გამოყენებით (თუმცა, ორივე მწარმოებლურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია). ჩვენი აზრით, მასში უნდა დავინახოთ, ერთი მხრივ პროცესი, რომელიც ორიენტირებულია კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაზე და მეორე მხრივ ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც დადგენილ დროში უნდა მივიღოთ და რომელიც კონკრეტულ მაჩვენებლებში გამოიხატება, ანუ უნდა განისაზღვრებოდეს მისი ღირებულება.

ამრიგად, მწარმოებლურობა - ეს არის ორგანიზაციის შესაძლებლობა, აჯობო კონკურენტებს იმით, რომ უშვებ მომხმარებლისთვის უფრო სასურველ პროდუქციას უფრო ყაირათიანად და მასთან ერთად იზრდება ორგანიზაციიდან გასული პროდუქციისა და შემოსული რესურსების ღირებულებებს შორის სხვაობა. ამიტომ, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ამ ფორმულასთან, ამავე დროს, არის ორგანიზაციის მწარმოებლურობის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორები. შესაბამისად, მენეჯერთა სტრატეგიული ხედვა და მათი გადაწყვეტილებების წარმატებაც უნდა შეფასდეს სწორედ ისეთი მიზნების დასახვით, თუ რამდენად კონკრეტული, დროში გათვლილი და რეალურ შედეგებზეა ორიენტირებული იგი [ჯულაყიძე, 2016: 24].

იმისათვის, რომ შევიმუშაოთ წარმატებული გადაწყვეტილება, აუცილებელია მისი ობიექტური შემადგენლები (მიზანი, ალტერნატივები და მოტივები) მივიღოთ ადეკვატურად, რაშიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მენეჯერის სტრატეგიულ ხედვას, ცოდნას, უნარებს, ჩვევებს, გამოცდილებას, განწყობას, ემოციებს, ინტელექტსა და სხვა პროფესიულ თუ პიროვნულ თვისებებს, რომლებიც ერთანობაში ქმნიან მის ინდივიდუალურ მეობას, ანუ გვინდა თუ არ გვინდა, თითოეულ მენეჯერს ფასეულობათა საკუთარი სისტემა აქვს, რომელიც განსაზღვრავს მის ქმედებას და გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილების წარმატებაზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას მენეჯერის ასეთი ღირსებები თითქოსდა კომპრომისის როლში გამოდის, რომელიც ეხმარება (ან ხელს უშლის) მას სასურველი ალტერნატივის შერჩევაში.

იმ მიზნით, თუ რამდენადაა განვითარებული ზემოაღნიშნული თვისებები  თანამედროვე მენეჯერებში და რამდენად სწორად იყენებენ ისინი ასეთ, ინდივიდუალურ ფასეულობათა სისტემას, ჩვენ ქ. ქუთაისში გამოვკითხეთ მცირე და საშუალო საწარმოთა მესაკუთრეები (მენეჯერები), მის განკარგულებაში (მმართველობაში) არსებული ბიზნესის პერსპექტივებსა და წარმატებებზე.

გამოკითხული იყო 300-ზე მეტი რესპონდენტი. კერძოდ, კითხვაზე - გაქვთ თუ არა სურვილი, გააფართოოთ თქვენი ბიზნესი, ანუ მიიღოთ მეტი შემოსავალი, დადებითი პასუხი გასცა რესპონდენტთა 99%-მა, რაც ბიზნესგარემოს შეფასების ერთ-ერთი დადებით მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ. ფაქტობრივად, მისკენ ბიძგი უნდა მიეცა ასევე ბიზნეს-საქმიანობის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებასაც. კერძოდ, ის რომ გამოკითხულთა მხოლოდ 2%-თვის, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც მისი ეს საქმიანობა აღარ იქნება მოთხოვნადი. ხოლო, 98% კი თვლის, რომ მისი ბიზნესი სტაბილურია და მეტიც - მზარდია.

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება პასუხი კითხვაზე - „პირველ რიგში, რა გიშლით ხელს გააფართოთ თქვენი ბიზნესი?“ ჩვენი ვარაუდით, მისი ძირითადი მიზეზი უნდა ყოფილიყო მათი ცოდნისა და გამოცდილების შეუსაბამობა წამოწყებული ბიზნესის პროფილთან, რადგან განათლებისა და კვალიფიკაციის შეუსაბამობა ბიზნესის პროფილთან შეადგენდა 77%-ს, ხოლო გამოცდილების შეუსაბამობა - 64%-ს. თუმცა, გამოკითხულთა უდიდესმა უმრავლესობამ (78%) უპასუხა, რომ მისთვის ხელშემშლელია - „ფინანსური რესურსების უკმარისობა“. ხოლო, ისეთი ფაქტორი, როგორიცაა მაგალითად - „მენეჯერული კომპეტენცია (გამოუცდელობა, არასაკმარისი ცოდნა)“, რესპონდენტთა მხოლოდ 6%-ს მიაჩნია ხელშემშლელ ფაქტორად და „პერსონალის დაბალ კვალიფიკაციას“ - ერგო 13%. არადა, კითხვაზე - „თქვენ მიერ საბრუნავ კაპიტალში დამატებით დაბანდებული (ინვესტირებული) ყოველი ლარიდან რამდენი პროცენტი იქნება მისგან მიღებული წლიური მოგება“, იმავე რესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობა (84%) ასახელებს სულ მცირე 50%-ზე მეტი რენტაბელობის მოლოდინს.

დასკვნა

ამრიგად, თუ რესპოდენტთა 99%-ს სურს გააფართოოს მისი ბიზნესი, მათგან 98% ალბათობით - ეს არის სტაბილური და განვითარებადი ბიზნესი და თუ ასეთი ბიზნესის მენეჯერების უმრავლესობა თვლის, რომ საბრუნავ კაპიტალში ინვესტირებული ყოველი ლარი იძლევა სულ მცირე 50%-იან რენტაბელობას მაინც, რომელიც ბევრად აღემატება სადღეისო საბანკო კრედიტის პროცენტს, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პრობლემა უფრო მეტად „მენეჯმენტის დეფიციტია“, ვიდრე „უკმარისობა ფინანსურ რესურსებში“.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოკითხვამ საკმაოდ საიმედო პერსპექტივებიც გამოკვეთა. კერძოდ ის, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა რესპონდენტი, მით მეტია საბრუნავ კაპიტალში ინვესტირებული ყოველი ლარის მოსალოდნელი რენტაბელობა და მეორეც - რაც უფრო ახალგაზრდაა რესპონდენტი, მით უფრო მცირდება ხელშემშლელ ფაქტორებს შორის „ფინანსური რესურსების უკმარისობა“ და მით უფრო (უმნიშნელოდ, მაგრამ მაინც) იზრდება მენეჯერული კომპეტენციისა და დაქირავებული პერსონალის მაღალი კვალიფიკაციის აუცილებლობა. ეს კი იმის საფუძველია, რომ ვთქვათ - მომავალი თაობა უფრო რისკიანია და წარმატების მიღწევაში უფრო გრძნობენ კვალიფიციური ცოდნის აუცილებლობას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ჯულაყიძე ე.  2016: სტრატეგიული მენეჯმენტი, ქუთაისი, აწსუ.
  2. Друкер П. 2007: Задачи менеджмента в XXI веке, Учебное пособие.  http://www.koob.ru/drucker peter/
  3. Мескон М…. 2004: Мескон М., Альберт М., Хедоури Ф. Основы менеджмента. перевод с английского. М.: Издательство «ДЕЛО»  https://www.google.ge